ინტელის ძირითადი კურსი

ინტელის ტრენინგების პორტფოლიო



სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
თეონა შერაზადიშვილი
რაიონი
ონი
სკოლა
სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა
ქალაქი
ონი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
"მოგზაურობა მომავალში ანუ 20 წლის შემდეგ"
თემის შინაარსი
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეეცდებიან დაგეგმონ თავიანთი მომავალი; გაიაზრებენ, რისი მიღწევა სურთ და რა უნდა გააკეთონ თავიანთი მიზნების მისაღწევად; შექმნიან წერილობით ტექსტს - „ოცი წლის შემდეგ“, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით მოამზადებენ და აუდიტორიას წარუდგენენ ტექსტის მიხედვით შექმნილ პრეზენტაციას; აქტივობის „ინტერვიუ - სამი ნაბიჯი“ გამოყენებით ჩაწერენ ინტერვიუებს, მოაწყობენ ბრიფინგს, დაამზადებენ ინტერვიუსა და ბრიფინგის ამსახველ ვიდეოფაილებს. შეფასების რუბრიკებისა და დაკვირვების ჩეკლისტების გაანალიზების საფუძველზე გავაკეთებ მონაცემთა ანალიზს, გამოვიკვლევ მოსწავლეთა საჭიროებებს და დავგეგმავ მომდევნო აქტივობებს.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
მეშვიდე კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
10 სასწავლო დღე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.                             

·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გაართვა თავი მოსაუბრემ საკომუნიკაციო ამოცანას (ანუ გასაგებად მიაწოდა თუ არა მსმენელს ინფორმაცია; შეძლო თუ არა მისი დარწმუნება, გართობა და ა.შ.);
·         მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსი, იგავ-არაკი, პროზაული ტექსტის ფრაგმენტები, ზეპირად გადმოცემული ამბავი ან წარმოდგენილი ინფორმაცია.

ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.                             

·         ამოიცნობს და იყენებს ზეპირი თხრობის დამახასიათებელ ნიშნებს (მაგ., სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, მიმართავს ჟესტებისა და მიმიკის ენას და სხვ.);
ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.                              

·         იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.                               

·         სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მახასიათებლებს (სათაურს, ქვესათაურს და ა. შ.);
·         თანამიმდევრულად აგებს თხრობას, სწორად იყენებს ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ., ჯერ, შემდეგ, ბოლოს...);
·         იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს.

ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 
                             
·         წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს (მაგალითად, საკუთარ ან სხვის ბიოგრაფიას, რეალურ ან გამოგონილ ისტორიას მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს);

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები:
Ø   შექმნან საინფორმაციო ბროშურები;
Ø  შექმნან მხატვრული ტექსტი - „ჩემი მომავალი“;
Ø  გააკეთონ ურთიერთშეფასება და თვითშეფასება;
Ø  თხზულების მიხედვით მოამზადონ და წარმოადგინონ პრეზენტაცია მათთვის სასურველ ფორმატში;
Ø  დაგეგმონ ინტერვიუები მეთოდის „ინტერვიუ - სამი ნაბიჯი“ გამოყენებით;
Ø  პროექტის შეფასება-შეჯამებისათვის მოაწყონ პრეზენტაცია,  ბრიფინგი.


შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდებათ:

Ø  მართლწერის უნარი;
Ø  შეფასებისა და თვითშეფასების უნარი;
Ø  პრეზენტაციის უნარი;
Ø  მართლმეტყველებისა და აქტიური მოსმენის უნარი.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø   გიყვართ ფილმების ყურება?
Ø  ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს თუ უყურებთ?
Ø  თუ გაიხსენებთ რომელიმე ფილმს დროში მოგზაურობაზე?

თემატური კითხვები
Ø  თქვენ თუ ისურვებდით დროში მოგზაურობას?
Ø  წარმოიდგინეთ, რომ მომავალში გადაინაცვლეთ, 20 წლის შემდეგ დროში აღმოჩნდით და იქ საკუთარ თავს შეხვდით. როგორი იქნება ის?
Ø  რას ჰკითხავდით საკუთარ ორეულს?

შინაარსობრივი კითხვები
Ø  როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მომავლის დაგეგმვა?
Ø  რა არის ამისათვის საჭირო?
Ø  რას უნდა  გააკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში საკუთარი ორეული ბედნიერი და წარმატებული ნახოთ?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










მოსწავლეთა მზაობა პროექტისადმი
კითხვარი;
მოსწავლეთა მიერ შექმნილი საინფორმაციო ბროშურები
მხატვრული ტექსტის ორგანიზებულად აგებისა და შინაარსობრივი მოთხოვნების დაცვის უნარი;

პრეზენტაციის მომზადებისა და აუდიტორიისათვის წარდგენის უნარი;

შერჩეული საკომუნიკაციო ამოცანის შესრულების უნარი
მხატვრული თხზულების შეფასების რუბრიკა;




პრეზენატაციის შეფასების რუბრიკა;

ინტერვიუზე დაკვირვების ჩეკლისტი.
შესრულებული სამუშაოს შეფასების, რეფლექსიის უნარი;


მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა.
ერთწუთიანი პრეზენტაცია რეფლექსიისათვის.




დაკვირვების ჩეკლისტებისა და შეფასების რუბრიკების გაანალიზება - მონაცემთა ანალიზი, კვლება.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
·                                                                             კითხვარი I   და კითხვარი II-ის საშუალებით დავადგენ მოსწავლეთა მზაობას პროექტისადმი (იციან თუ არა, რა არის ინტერვიუ? რა მოეთხოვება რესპონდენტს, ინტერვიუერს)
·                                                                             მოსწავლეთა მიერ დამზადებული ბროშურები პროექტის შესახებ დამეხმარება განვსაზღვრო, რამდენად აქვთ გაცნობიერებული პროექტის იდეა და ამოცანები.
·     მოსწავლეები ერთმანეთის ნაშრომის შეფასებისა და თვითშეფასებისათვის გამოიყენებენ შეფასების რუბრიკას; ამავე რუბრიკით მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეთა ნაშრომებს (რუბრიკებს შეიმუშავებს და მოსწავლეებს წინასწარ აცნობს მასწავლებელი).
·     წერილობით ტექსტის მიხედვით მოსწავლეთა მიერ შექმნილი პრეზენტაციები შეფასდება რუბრიკით (პრეზენტაციის შესაქმნელად ფორმატს არჩევენ მოსწავლეები. მასწავლებელი მიუთითებს მათ რამდენიმე გამოსაყენებელ პროგრამას, მაგალითად, PowerPint, PowToon და სხვა)
·     მოსწავლეთა მიერ მომზადებული ინტერვიუები შეფასდება დაკვირვების ჩეკლისტით.
·     პროექტის შეჯამება-შეფასებისათვის თითოეული მოსწავლე გააკეთებს ერთწუთიანი პრეზენტაციას რეფლექსიისათვის, დაკვირვების ჩეკლისტებითა და შეფასების რუბრიკების ანალიზით მიღებულ შედეგებს გამოვიყენებ კვლევის ჩასატარებლად - მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და მომდევნო სამუშაოს დასაგეგმავად.

საბაზისო უნარ-ჩვევები

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულებისათვის მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ:
ü  მხატვრული თხზულების წერა;
ü  პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ის და/ან სხვა საპრეზენტაციო პროგრამთ;
ü  უნდა იცოდნენ, რა განსხვავებაა დიალოგსა და ინტერვიუს შორის.
ü  უნდა იცოდნენ, როგორ დასვან კითხვები ინტერვიუს დროს.
სასწავლო პროცედურები

            პროექტის დაწყებამდე მასწავლებელმა  უნდა განსაზღვროს, მზად არიან თუ არა მოსწავლეები პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად, გააჩნიათ თუ არა საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები. ამის დასადგენად იყენებს კითხვარებს - კითხვარი პირველი და კითხვარი მეორე. თუკი გამოკითხვის შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძლებელია  პროექტის განხორციელების ეტაპზე გადასვლა, იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ საკმარის ცოდნას, კიდევ ორ გაკვეთილი დაეთმობა  პროექტისათვის მოსამზადებელ სამუშაოს - მასწავლებელი მოსწავლეებთან განიხილავს და გააანალიზებინებს  რამდენიმე ინტერვიუს. ამის შემდეგ მოსწავლეები განმეორებით შეავსებენ კითხვარებს.
              პროექტის პირველი დღე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მზად იქნებიან  სამუშაოდ, მასწავლებელი  წარუდგენს მათ პროექტს. პროექტის წარდგენისა  და მოსწავლეთათვის მომავალი აქტივობებისადმი განწყობის შესაქმნელად  გამოიყენებს მიმართულების მიმცემ კითხვებს:
ზოგადი კითხვები:
Ø  გიყვართ ფილმების ყურება?
Ø  ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს თუ უყურებთ?
Ø  თუ გაიხსენებთ რომელიმე ფილმს დროში მოგზაურობაზე?
თემატური კითხვები:
Ø  თქვენ თუ ისურვებდით დროში მოგზაურობას?
Ø  წარმოიდგინეთ, რომ მომავალში გადაინაცვლეთ, 20 წლის შემდეგ დროში აღმოჩნდით და იქ საკუთარ თავს შეხვდით. როგორი იქნება ის?
Ø  რას ჰკითხავდით საკუთარ ორეულს?
შინაარსობრივი კითხვები
Ø  როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მომავლის დაგეგმვა?
Ø  რა არის ამისათვის საჭირო?
Ø  რას უნდა  გააკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში საკუთარი ორეული ბედნიერი და წარმატებული ნახოთ?

          პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ პროექტის შინაარსი, იცოდნენ, თუ რა სახის სამუშაოს შესრულება მოუწევთ. იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა პროექტის იდეა და შინაარსი, მასწავლებელი ავალებს მათ პროექტის წარსადგენი ბუკლეტების შექმნას. ბუკლეტებზე იმუშავებენ სამეულები. მოსწავლეთა ჯგუფების შესაქმნელად მასწავლებელი იყენებს მეთოდს „პასტელების ჯადოქრობა“. მოსწავლეთა სამეულები მომდევნო გაკვეთილისათვის  დაამზადებენ  ბუკლეტებს, ბუკლეტების პრეზენტაციისათვის მოაწყობენ „გალერეაში გასეირნებას“, ისაუბრებენ პროექტის ამოცანების შესახებ.
             პროექტის მეორე  დღე - მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს  დაწერონ მხატვრული თხზულება „მოგზაურობა დროში, ანუ ოცი წლის შემდეგ“. თხზულების დაწერისათვის აძლევს  ინსტრუქციას: მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება 20 წლის შემდეგ; რას სურთ, რომ მიაღწიონ - როგორი ოცნებები და სურვილები აქვთ; რა სავარაუდო დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს, რომ თხზულების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემოქმედებითობასა და ორიგინალურობას - აცნობს შეფასების სქემას.
           პროექტის მესამე  დღე - მასწავლებელი აწყვილებს მოსწავლეებს. დაწყვილებისათვის იყენებს  „კამათელს“. წყვილში მოხვედრილი მოსწავლეები  რუბრიკის მიხედვით აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, შემდეგ კი  საკუთარ თხზულებას. შეფასების მესამე ეტაპზე მასწავლებელი კრეფს თხზულებებსა და შეფასების ფურცლებს   და აფასებს როგორც თხზულებებს, ასევე მოსწავლეთა შეფასების ადეკვატურობას (აღნიშნული აქტივობა დაეხმარება მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარის განსაზღვრაში).
           პროექტის მეოთხე დღე - მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თხზულებების წარსადგენად მოამზადონ პრეზენტაციები. პრეზენტაციებში გამოკვეთილი უნდა იყოს თხზულების ძირითადი შინაარსი პროექტის მიზანთან მიმართებაში. პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 12 სლაიდისაგან. საპრეზენტაციო პროგრამის არჩევაში მოსწავლეებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას. მიუთითებს რამდენიმე გამოსაყენებელ  პროგრამას - PowerPoint, PowToon. მოსწავლეებს განუმარტავს, რომ მომდევნო დღეს მათ მოუწევთ პრეზენტაციების წარდგენა; გააცნობს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას
          პროექტის მეხუთე დღე - მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარი თხზულების მიხედვით მომზადებულ პრეზენტაციებს. თითოეულ პრეზენტაციას დაეთმობა 3 წუთი.  რუბრიკის მიხედვით შეფასდება პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე და პრეზენტატორის უნარები. შეფასებები გადააქვთ ფლიპჩარტზე და იყენებენ მომდევნო პრეზენტაციის შემდეგ (არა ამ პროექტის ფარგლებში) პროგრესის შესაფასებლად. რადგან 45-წუთიან გაკვეთილზე ყველა პრეზენტაციის წარდგენა და შეფასება ვერ მოხერხდება, მასწავლებელი სთხოვს სასწავლო ნაწილის გამგეს გადააწყოს გაკვეთილების ცხრილი და დააწყვილოს ქართულის  გაკვეთილები.
          პროექტის მეექვსე დღე - მოსწავლეები უნდა მოემზადონ ინტერვიუსათვის. ისინი უკვე იცნობენ თანაკლასელთა სამომავლო გეგმებს. მათ უკვე შეუძლიათ მოამზადონ კითხვები, რათა უფრო დეტალურად შეიტყონ მეგობართა მიზნებისა და ოცნებების შესახებ. ინტერვიუს ეტაპისათვის მასწავლებელი იყენებს მეთოდს „ინტერვიუ - სამი ნაბიჯი“. ამისათვის ყოფს მოსწავლეებს სამეულებად/აღადგენს ბროშურებზე მომუშავე ჯგუფებს. მოსწავლეებს აძლევს   ინსტრუქციას მომავალი სამუშაოს შესახებ - აცნობს ინტერვიუს თემას და უხსნის „ინტერვიუ - სამი ნაბიჯის“ პრინციპს; ეწყობა  მეთოდის ინსცენირებას, რათა მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ ინტერვიუერის, რესპონდეტისა და დამკვირვებლის როლი; მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ ინტერვიუს წესები (პროექტის დაწყებამდე იმუშავეს კითხვარებზე).
               პროექტის მეშვიდე და მერვე დღე - მოსწავლეები „ინტერვიუ - სამი ნაბიჯის“ გამოყენებით ჩაწერენ ინტერვიუებს. შესაძლოა, ინტერვიუს მიმდინარეობისას  „დამკვირვებელი“ გაიტაცოს ინტერვიუს შინაარსობრივმა მხარემ და ვერ მოახერხოს სხვა საჭირო ასპექტებზე ყურადღების გამახვილება. იმისათვის, რომ ყველა ინტერვიუ ობიექტურად შეფასდეს, „დამკვირვებელი“ საკუთარი/მეგობრის მობილური ტელეფონით ან ვიდეოკამერით იღებს ინტერვიუს და მოგვიანებით აანალიზებს. აღნიშნულ ვიდეომასალას „დამკვირვებლები“ იყენებენ ჩანაწერების გაკეთებისა და ინტერვიუს  დაკვირვების ჩეკლისტის შესავსებად. რადგან მოსწავლეებს საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი, ამ აქტივობას დაეთმობა ორი დღე.
                პროექტის მეცხრე დღე - მოსწავლეებმა ერთმანეთს უნდა გააცნონ და გააანალიზონ  დამკვირვებლის როლში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერები და  შეფასების ჩეკლისტები. ამისათვის მასწავლებელი აწყვილებს  მოსწავლეთა სამეულებს და ამრიგად, მიიღება  ექვს-ექვსი მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფები. ჯგუფის წევრები ერთმანეთს აცნობენ დამკვირვებლის როლში ყოფნის დროს გაკეთებულ ჩანაწერებსა და დაკვირვების ჩეკლისტებს, აჯამებენ შედეგებს და  ამზადებენ ზეპირ პრეზენტაციებს ამ შედეგების წარმოსადგენად. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, პრეზენტაციის დროს ყურადღება გაამახვილონ გაანალიზებული ინტერვიუების ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გამოკვეთონ, რა არის გასაუმჯობესებელი. მოსწავლეთა ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაცებს.
                 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  მოემზადონ პროექტის შეჯამებისათვის. აძლევს ინსტრუქციას შემაჯამებელი აქტივობისათვის: თითოეულ მოსწავლეს მიეცემა ერთი წუთი იმისათვის, რათა გაუზიაროს თანაკლასელებს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება - რა ასწავლა ამ პროექტმა და რა ისწავლა ისეთი, რასაც მომავალში გამოიყენებს სასწავლო თუ სხვა მიზნებისათვის. გარდა ამისა, მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ და წარმოადგინონ პროექტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტომასალის კოლაჟი და წარუდგინონ თანაკლასელებს. კოლაჟებს ამზადებენ ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ ინტერვიუს პრეზენტაციაზე (სამი-ოთხი ექვსწევრიანი ჯგუფი)
                 პროექტის მეათე დღე - პროექტის შეჯამება-შეფასება. მოსწავლეები
 ა) წარადგენენ ფოტოკოლაჟებს, იხსენებენ პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეპიზოდებს;  ბ) თითო წუთის გამავლობაში საუბრობენ  მიღებული გამოცდილების შესახებ, აღნიშნავენ, რა მისცა მათ ამ პროექტმა, რა ცოდნა თუ უნარ-ჩვევა შეიძინეს და როგორ გამოიყენებენ შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მომავალში.
                         მოსწავლეები      პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტოებითა და  კომენტარებით ამზადებენ კედლის გაზეთს.
                        მასწავლებელი შეფასების რუბრიკებისა და დაკვირვების ჩეკლისტების საფუძველზე აკეთებს მონაცემთა ანალიზს. იკვლევს მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს, ადგენს მოსწავლეთა საჭიროებებს და შეიმუშავებს მომდევნო აქტივობებს.

              


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მოსწავლე წერით დავალებას შეასრულებს განსხვავებულ ფორმატში, მხატვრული თზულების წერის ნაცვლად იმუშავებს სპეციალურად მისთვის მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობის  ღია კითხვებით შედგენილ კითხვარზე. პრეზენტაციას წარმოადგენს ზეპირად (თუკი ვერ მოახერხებს საპრეზენტაციო პროგრამით მუშაობას), ან დავახმარ სხვა მოსწავლეს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვანი მოსწავლე მხატვრულ თხზულებას წარმოადგენს მშობლიურ ენაზე,  ვთხოვ უცხო ენის მასწავლებლის დახმარებით გადათარგმნოს თხზულება ქართულ ენაზე და მოამზადოს პრეზენტაცია ქართულად განსაზღვრული რაოდენობის  მარტივი  წინადადებებით. ინტერვიუს მომზადებაში დახმარებას გავუწევ უცხო ენის მასწავლებელთან ერთად, მარტივი ლექსიკის გამოყენებით შევადგენინებთ ინტერვიუს კითხვებს, წინასწარ მოვამზადებინებ პასუხებს მეწყვილის  შეკითხვებზე, დავეხმარები ინტერვიუზე დაკვირვებასა და  ჩეკლისტის შევსებაში

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს ვთხოვ დაეხმარონ თანაკლასელებს პრეზენტაციის მომზადებაში; იმუშავებენ PowerPoint-თან შედარებით რთულ საპრეზენტაციო პროგრამაზე.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები





ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
ფოტოკამერა
ომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
√ვორდის პროგრამა
PowerPoint


ბეჭდვითი მასალები
კითხვარები, ჩეკლისტები, შეფასების რუბრიკები.
ინვენტარი/მასალები
ფლიპჩარტები, ფერადი მარკერები.
ინტერნეტრესურსები
Google-ის საძიებო სისტება.
სხვა რესურსები









           რეფლექსია - პირველი დღე                                 27.06.2014
მთელი წელი ველოდი ამ ტრენინგს და აი, ნანატრი ინტელის ტრენინგი ჩვენს სკოლასაც მოადგა :) ტრენერი - ბატონი გაიოზ მუშკუდიანი. პირველი დღე ერთგვარი მოთელვა იყო. ზოგადად ვისაუბრეთ პროექტის შესახებ, დავალებაც მივიღეთ მომდევნო დღისთვის. როგორც მივხვდი, ინტელის პროექტი განსხვავდება იმ პროექტებისაგან, რომლებზეც აქამდე გვიმუშავია ჩვენს მოსწავლეებთან. ცოტა შემაშინა მასალის სიმრავლემ, ვფიქრობ, კომპასი მჭირდება, რომ ამ ზღვა მასალაში უმისამართოდ არ დავიკარგო. იმედია, მომდევო დღეებში თანდათან გამოიკვეთება კურსი... ზურგის ქარს ვუსურვებ ჩვენს ჯგუფს! :)

 


                             მეორე დღე                                   28.06.2014
გავაკეთეთ დავალების პრეზენტაციები, დისკუსიაც გავმართეთ. პროექტის შეფასების ფორმა გავაანალიზეთ, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გავეცანით, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;  google drive-ში დოკუმენტების ატვირთვა გავიხსენეთ და ახალი დავალებაც მივიღეთ - მოსწავლის როლი უნდა მოვირგოთ და ბროშურის ან პუბლიკაციის  შაბლონი უნდა დავამზადოთ  ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ჩვენი სამუშაო მთლიანობაში აღვიქვა და ეს, ცოტა არ იყოს, მაწუხებს. კიდევ კარგი, იმედიანი განწყობა არ მტოვებს და კიდევ -  სიახლეების გაცნობის სურვილი. შეუძლებელი არაფერია!




                            მესამე დღე                                   29.06.2014
დღეს პრაქტიკულად წავიმუშავეთ, განვიხილეთ დავალებები, ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ სტანდარტზე, განახლებულ ბლუმის ტაქსონომიაზე; დოკუმენტები გავუზიარეთ ერთმანეთს და ცოტა გავერთეთ კიდეც :). პროექტი თანდათან იკვეთება, ახალი იდეები გაჩნდა და ვცდილობ მოვარგო ინტელის პროექტის ფორმატს. უცებ მინდა ყველაფერში გავერკვე, ასე უცებ კი არაფერი მოდის. მოთმინება, თეონაა!!! :)))
მაინც ვერ მოვითმინე და რუსას წავეწუწუნე, გონაშვილს. რუსა გაჭირვების ტალკვესია, არ დაეზარა და მშვენიერი რჩევები მივიღე. მადლობა, რუსა <3
საშინაო დავალება: მოვამზადოთ პროექტის პრეზენტაცია! :))





                              მეოთხე დღე                                     4.07.2014
ჩემი პროექტის მაგალითზე განვიხილეთ შესრულებული სამუშაო და გამახსენდა, რას განიცდის მოსწავლე, როცა მის ნაშრომს აფასებენ. თუმცა სანერვიულო არაფერია, ჯერჯერობით   კარგად მიმუშავია. განვიხილეთ შეფასების ნიმუშები. შეფასების ინსტრუმენტები მომეწონა, საერთოდ, შეფასება ყველაზე დიდი პრობლემაა სკოლაში და თუ მოვახერხეთ ეს მასალები ჩვენს მოსწავლეებს და მათ საჭიროებებს „მოვარგოთ“,  კარგ დახმარებას გაგვიწევს. 





                                 მეხუთე დღე                                   5.07.2014
დღეს საავტორო უფლებების დაცვაზე ვისაუბრეთ და თურმე რამდენი ვინმეს უფლებას ვარღვევდით აქამდე!:))) შევეცდები გავითვალისწინო ამის მერე. ცოტა ზედმეტად კი მიმაჩნია ასე დაწვრილმანება, მაგრამ მაინც... მოკლედ, თურმე,  რა ინტერნეტრესურსსაც გამოვიყენებთ, სიტყვასიტყვით, წერტილ-მძიმით უნდა აღვნუსხოთ და არ დავარღვიოთ სხვისი უფლებები. ერთი კითხვა არ მასვენებს ოღონდ - „ჩვენს უფლებებს ვინ დაიცავს, ვინ?!“ ეჰ, დარჩება ეს რიტორიკულ შეკითხვად, ვიცი მე...






                                მეექვსე დღე                                      6.07.2014
დღეს წყვილებში ვიმუშავეთ და თითქმის მომთავრებულ პროექტებზე უკუკავშირი მივაწოდეთ ერთმანეთს. საინტერესოც იყო და შედეგიანიც. იქვე დამებადა ახალი იდეები ჩემს პროექტთან დაკავშირებით და რა მომასვენებს, სანამ ამას არ ავსახავ ჩემს გეგმაში! :) მიხარია, რომ თანდათან დასრულებულ სახეს იღებს სამუშაო. ხალისმა იმატა ჯგუფში - ტრენინგის დასრულების მერე ვსხედვართ სკოლაში, ვმუშაობთ, ვეხმარებით ერთმანეთს... მოკლედ, თანამშრომლობა და კოლეგიალობა  ასეთი უნდა.
დღეს ბინდდებოდა, სახლში მივდიოდით და ქუჩაში ნაცნობმა - თქვენ არდადეგები არ დაგეწყოთო? :)) ხალხს ჰგონია, ზაფხულში მართლა ვისვენებთ :)





                           მეშვიდე დღე                                          7.07.2014
თითქმის დასრულებული პროექტები წარმოვადგინეთ ტრენინგზე და უკუკავშირი მივიღეთ ტრენერისგან ჩემი შემოქმედებითობა  (პროექტის გეგმა თვითნებურად "გადავაკეთე", ცხრილი ჩავსვი) გაიკიცხა და  მივიღე მკაცრი მითითება, სასწრაფოდ დამებრუნებინა პროექტის გეგმისათვისათვის შაბლონის სახე:((( არ მიყვარს შაბლონები და ცოტა გავბრაზდი, მაგრამ იყოს, ბატონო, შაბლონი, რაკი ასეა! ბლოგზე მასალების ატვირთვა გავიხსენეთ, ინტელის ბლოგი შევქმენით და ა. შ. ისევ მოსწავლის როლის მორგებამ მოგვიწია და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე ვიმუშავეთ.



         მერვე დღე             რვა ივლისი                                      
 დღეს დიდი დღეა, ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწი  ავტვირთეთ ბლოგებზე და დავუკავშირეთ გუგლის დისკს. ჩემს გვერდს რაღაც დაემართა, უცნობი ვირუსის ბრალია, თუ უნებურად რამე დავაშავე, არ ვიცი, მაგრამ სასვენი ნიშნების ნაცვლად რაღაც  სიმბოლოები იწერება, ინგლისური შრიფტი კი უცნაურ  იეროგლიფებად გარდაისახა.რა ვუშველო, რა ვუწამლო, მასწავლეთ ვინმემ, არავინ ხართ ღვთისნიერი?



მეცხრე დღე               9 ივლისი






















  

 





                         

2 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. ჩემი გოგო,რა ყოჩაღი ხარ!

    ReplyDelete